პლატფორმის “მადამ სომელიე“ ორგანიზებით, 26 ივნისს, საქართველოში პირველად გაიმართა ღონისძიება - “ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი”. მიზანი იყო, რომ საქართველო, როგორც ღვინის აკვანი და უძველესი მეღვინეობის კულტურის მქონე ქვეყანა, გახდეს ღვინის მარკეტინგისა და მედიის დარგში მომუშავე პროფესიონალთა ყოველწლიური შეხვედრის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჰაბი.
აღნიშნული ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და ხელს უწყობს ახალი ნიშური ტურისტული მიმართულების შექმნას. ფორუმის ფორმატში ცნობილმა უცხოელმა სპიკერებმა და სფეროს ლიდერებმა ჩაატარეს სემინარები, მასტერკლასები, გააზიარეს ინოვაციები და თანამედროვე მიდგომები ღვინის მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალები: მეღვინეები, ღვინის მწერლები, მარკეტერები, ინფლუენსერები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, კონტენტ კრეატორები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები.
ფორუმის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ ქართულ ენო-გასტრონომიულ ტრადიციებს, ადგილობრივ მარნებს, ქვევრის ღვინის ტექნოლოგიას და საქართველოს მეღვინეობის რვაათასწლოვან ისტორიას, რაც მნიშვნელოვანი დეტალებია იმისათვის, რომ ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდეს. აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმრები საკუთარი მედია არხებისა და პლატფორმების მეშვეობით, მსოფლიოს აცნობდნენ საქართველოს, როგორც უნიკალური ღვინის მიმართულებას, რაც, სამომავლოდ, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე.
ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს: საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციას; ტურისტული ცნობადობისა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას; ქართულ ღვინოზე მოთხოვნისა და მისი იმიჯის გაძლიერებას; მაღალი ღირებულების ტურისტების მოზიდვას; შედეგად კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და კახეთის მუნიციპალიტეტები.
ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ყოველწლიური ღონისძიება იქნება.