კახეთში კენკროვანი კულტურების: მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების ნაწილი გაიჩეხა, ფერმერები კი დანახარჯების ამოღებას ვერ ახერხებენ,- ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თავის დროზე კენკროვანი კულტურა საქართველოში ისე გაშენდა, რომ რისკები კარგად დათვლილი არ იყო; ასევე არ არსებობდა კვლევა, რომელიც ინფორმაციული ხასიათის იქნებოდა, თუ რომელი ჯიში, სად უნდა დარგულიყო.

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, იზოლდა ქიტესაშვილი ბაღების გაჩეხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეალიზაციის პრობლემასაც ასახელებს.

,,კახეთში მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღები გაიჩეხა და განადგურდა. ფერმერებმა შესაბამისი ანაზღაურება ვერ მიიღეს, დანახარჯები კი ძალიან დიდი ჰქონდათ, თანაც კენკროვანი ხილის წარმოება სრულად ახალი მიმართულება იყო საქართველოში და სწორად არ იყო შერჩეული კენკრის ჯიშები. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოში ინსტიტუტებს, რომლებსაც ამ ჯიშების რეგიონების მიხედვით გავრცელებაზე უნდა ემუშავათ, არ უმუშავიათ; ფერმერებმა კი ძალიან არაპერსპექტიული ჯიშები შემოიტანეს. ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორია კლიმატიც: ერთი დღე რონ ცხელოდა და 30 გრადუსი იყო, მეორე დღეს 10 გრადუსი იყო, რამაც როგორც კულტურა, ისე მისი ნაყოფი საკმაოდ დააზიანა.

ჟოლო ჩვენ კლიმატურ პირობებში საერთოდ ვერ გავახარეთ, ნაყოფი ცვიოდა, ვერ ვასწრებდით მის დაკრეფას, ამიტომ ჰექტარ ნახევარზე მეტი გავჩეხეთ.

ადგილობრივ ბაზარზე ეს პროდუქტი ნაკლებია. ბაზარი ჯერჯერობით არსებულ რაოდენობას ითვისებს, გვყავს შემსყიდველები, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან.

გასულ წელს ერთი კილოგრამი კენკრის წარმოება 5 ლარი დამიჯდა, რადგანაც წელს მეტ მოსავალს ველოდებით, თვითღირებულება შემცირდება, მაგრამ სულ მცირე 3 ლარი მაინც მიჯდება. ფასი, დღეისათვის საშუალოდ 10 ლარია",- ამბობს კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე  იზოლდა ქიტესაშვილი "კომერსანტთან" ინტერვიუში.