ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ, განახლებული წესებით, ევროკავშირი უფრო ეფექტურად შეძლებს რეაგირებას ისეთ სიტუაციაზე, როდესაც „უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს“.
„ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის რეჟიმი სასარგებლოა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. თუმცა მესამე ქვეყნების მოქალაქეები თუ ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა გააჩნდეს საჭირო ინსტრუმენტები სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თანამშრომლობას თავს არიდებენ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ საფუძვლებზე, რომლებიც შეიძლება გახდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მიზეზი.
მათ შორის დასახელებულია:
1. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე ქვეყნებიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის გაზრდა;
2. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა ენიჭება იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდებისა ან ინვესტიციის სანაცვლოდ;
3. ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტები უსაფრთხოების პროცედურების კუთხით, კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები;
4. საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაერო-ს ქარტიის სერიოზულ დარღვევებს;
როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, ეს ახალი მიზეზები დაემატება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეების განაცხადების აღიარების დონე დაბალია, ან იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა, რომელთაც უარს ეუბნებიან შესვლაზე, ან დარღვეული აქვთ ევროკავშირში დარჩენის ვადები.
ამასთან, პრესრელიზში წერია, რომ ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს სურთ, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 24 თვით, არსებული სისტემით განსაზღვრული 18 თვის ნაცვლად.
ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის მოქმედების გახანგრძლივებული ვადები საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დაიწყოს დიალოგი მესამე ქვეყანასთან, რათა ამ ქვეყანამ აღმოფხვრას ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იყო შეჩერებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამასთან, პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირს შეუძლია, სამუდამოდ გააუქმოს უვიზო რეჟიმი, თუ მესამე ქვეყანა არ აღმოფხვრის იმ გარემოებებს, რომელთა გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, გააუმჯობესონ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმი იმგვარად, რომ ის ამოქმედდეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფუნდამენტური უფლებების და საგარეო ვალდებულებების დარღვევაზე.
„მოქმედი სისტემით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეორე ფაზა ვრცელდება ყველა მოქალაქეზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს არაპროპორციული იმ შემთხვევაში, თუ შექმნილ სიტუაციაზე მკაფიო პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის დამატებით 24 თვით შეზღუდვა ავტომატურად არ შეეხება მესამე ქვეყნების მთელ მოსახლეობას. ამის ნაცვლად, ზემოთ ნახსენებ სიტუაციაში ევროკავშირს შეეძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოს მთავრობის ოფიციალურ პირებს და დიპლომატებს“, – ნათქვამია პრესრელიზში.