ანა მირონოვა თბილისიდან დიდ ბრიტანეთში 20 წლის წინ წავიდა. ჯერ ინგლისის „ქეითერინგ“ ბიზნესში მოხვდა, 10 წლის წინ ლონდონში საკუთარი „ქეითერინგ“ კომპანია Walnut & Spice შექმნა, 2019 წელს კი ქართული რესტორანი Geamos დააფუძნა. „კომერსანტთან“ საუბრისას ანა ამბობს, რომ Geamos-ს სტუმრების 80% ადგილობრივები - ინგლისელები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები და ტურისტები არიან, მხოლოდ 10-15%-ს შეადგენენ იქ მცხოვრები ქართველები. მისივე თქმით, რესტორნის შექმნის ინვესტიცია დაახლოებით 150 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

„კომერსანტი“ ანა მირონოვას ლონდონში Walnut & Spice-ისა და Geamos-ს შექმნისა, განვითარების, გეგმებისა და ზოგადად - უცხო ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე არსებულ სირთულეებზე ესაუბრა.

როდის და როგორ აღმოჩნდით ჯერ „ქეითერინგ“ და შემდეგ სარესტორნო ბიზნესში?

ანა მირონოვა, Walnut & Spice-ის და Geamos-ის დამფუძნებელი: საქართველოდან წამოსული ვარ უკვე 20 წელია. 2003 წლიდან ლონდონში ვცხოვრობ. განათლებით ექიმი ვარ, მაგრამ აქ ჩემი დიპლომი ვერ ცნეს და სხვა სფეროში მომიწია მუშობა. შემდეგ ინგლისის „ქეითერინგის“ ბიზნესში მოვხვდი, სადაც თითქმის 15 წელი ვიყავი. კერძებს მეც ვამზადებდი და რომ იცოდნენ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება მქონდა, საელჩოები და სხვა ორგანიზაციები მთხოვდნენ, რომ „ქეითერინგში“ დავხმარებოდი. დაახლოებით 10 წლის წინ კი პატარა კომპანია Walnut & Spice გავხსენი, რომელსაც „ქეითერინგ“ მომსახურებას ეწევა. ის ემსახურება როგორც ღონისძიებებს, კომპანიებსა და ბიზნესებს, ასევე კერძო პირებსაც შეუძლიათ ონლაინ საჭმლის შეკვეთა. 

ლონდონის მაგალითზე რომ გვითხრათ, რა სირთულეებს აწყდება უცხო ქვეყანაში მოქალაქე ბიზნესის დაწყებისას?

ვინც ლეგალურად ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ბიზნესის დაწყება - კომპანიის დაფუძნება, შეუძლია. შემდეგ რეგულაციებს უნდა მოერგო, უნდა ისწავლო, რომ სერტიფიკატები და ლიცენზია აიღო. მარტო კომპანიის გახსნა არაფერია. ეს არ არის რთული. ამის შემდეგ გჭირდება ლიცენზია ადგილობრივი მერიიდან, რომელიც ამოწმებს - გაქვს თუ არა საჭმლის წარმოების უფლება და არის თუ არა შენი ნაწარმი უსაფრთხო. ეს ლიცენზია რომ მიიღო, უნდა გაიარო საკვების უსაფრთხოების კურსები და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები. რთული პროცესია, მაგრამ თავის გართმევა შეიძლება. ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროსთან და თანხებთანაა დაკავშირებული.

წლების გამავლობაში ალბათ საკუთარი დანაზოგი გქონდათ. რა ინვესტიციით დაიწყეთ ბიზნესი?

დიახ, პირადი დანაზოგით დავიწყე ბიზნესი. „ქეითერინგ“ კომპანიის შემთხვევაში არ დამჭირვებია დიდი თანხები. რადგან ის რესტორნისგან განსხვავებით არ მოითხოვდა დიდ ინვესტიციას. 2019 წელს ქართული რესტორანი Geamos გავხსენი, რადგან მოთხოვნა და საჭიროება გაჩნდა. რაც შეეხება ინვესტიციას, რესტორნის შემთხვევაში დაახლოებით 150 000 გირვანქა სტერლინგამდე იყო. 

როგორია რესტორნის მენიუ და ვინ არიან მომხმარებლები, ადგილობრივები, თუ ლონდონში მცხოვრები ქართველები?

რესტორანში მენიუ სრულიად ქართულია. კერძები ტრადიციული ქართული ვარიაციებით გვაქვს წარმოდგენილი. მომხმარებელს რაც შეეხება, ფაქტობრივად, 80% უცხოელები არიან - ინგლისელები, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და ჩამოსული ტურისტები. მხოლოდ 10-15%-ია ქართველები. ქართველები უფრო ხშირად მაშინ გვსტუმრობენ, როცა დღესასწაულების - დაბადების დღის, ნათლობის აღნიშვნა სურთ. Geamos 50 ადამიანზეა გათვლილი.

რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და ვინ არიან - ადგილობრივები, თუ ქართველები?

გუნდი მთლიანად ქართველებითაა დაკომპლექტებული. ამჟამად რესტორანში 7 ადამიანი გვყავს დასაქმებული.

გეგმებს რაც შეეხება, გაფართოებას, ფილიალის გახსნას ხომ არ გეგმავთ?

სიამოვნებით გავხსნიდი მეორე რესტორანსაც, ცოტა უფრო პატარას, მაგრამ ადგილის პრობლემაა. Geamos ცენტრიდან ცოტა მოშორებითაა. აქ ძირითადად მოდიან ისინი, ვისაც ქართული სამზარეულო აინტერესებს. ასეთ რესტორნებს Destination Restaurants-ს ეძახიან (როცა იციან სად არის კონკრეტული ტიპის რესტორანი და ამის მიხედვით მიდიან). გვინდა, რომ ისეთ ადგილზე გავხსნათ შემდეგი რესტორანი, რომელიც უფრო ცენტრთან უფრო ახლოს იქნება და სადაც, დღის განმავლობაში, უფრო მეტი ადამიანი დადის - ადგილობრივიც და ტურისტიც. მუდმივად ძიებაში ვართ. შესაფერის ადგილს რომ ვიპოვით, მერე დაახლოებით 6 თვე მაინც უნდა ივარაუდო მოსამზადებელი პერიოდისთვის, რომ მუშაობა დაიწყო, შეიძლება მეტი დროც დაგჭირდეს.

თქვენს რესტორანში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კერძი რომელია?

ყველაზე მოთხოვნადია ხინკალი და აჭარული ხაჭაპური.

სასმელიც ქართული გაქვთ? ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობთ?

კი, ყველაფერი ქართული გვაქვს - ღვინოც, შამპანურიც, ლუდიც, ლიმონათიც. მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირი კონტაქტები არ გვაქვს. აქ არის „შუამავალი“ კომპანიები, რომელთაც ქართული პროდუქცია ჩამოაქვთ და ასე ხვდება მერე ჩვენს რესტორანში ქართული ნაწარმი.