ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი დუმილით შეხვდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 23 ივნისს ბიზნესმენები და პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 8-8 თვით დააკავეს, გარდა ამისა მათ 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

„კომერსანტი“ საკითხის შესაფასებლად მსხვილი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ თემაზე კითხვის დასმის შემდეგ, ბიზნესმენების უმრავლესობამ პასუხისგან თავი შეიკავა. 

„კომერსანტის“ ზარებს და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა და „ვისოლ“ ჯგუფის დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძე, „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილი და Silk Road Group-ის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალურმა მდივანმა ზურაბ ჩხაიძემ საკითხის შეფასებისგან თავი შეიკავა და სხვა დეტალების გასარკვევად PR-ის წარმომადგენელთან გადაგვამისამართა.

მსხვილი ბიზნესიდან ვინც მოკლე ტექსტური შეტყობინებით ბიზნესმენების დაკავებას გამოეხმაურა, საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძე იყო. „კომერსანტი“ ბიზნესმენს რამდენჯერმე დაუკავშირდა.

 „ბადრი ჩემი ახლო მეგობარია და ძალიან ვწუხვარ!

ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები“, - მოგვწერა ზაზა ნიშნიანიძემ.

 ბიზნესმენების დაკავების შეფასებისგან თავს იკავებს კომპანია "თბილღვინოს" დამფუძნებელიც. ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური თემაა.

 ,,პოლიტიკური საკითხია და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ისე ზოგადად, კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს და კანონის მიმართ ყველანი ერთნაირად უნდა ვიყოთ თანასწორი“, - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.