თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია „უმალი“ აპრილიდან ბაზარზე თევზის ჩიფსებს გამოუშვებს  -  ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის დირექტორმა დიტო წვერავამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ ხელმეორედ გახსნის შემდეგ ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა ნელ-ნელა აღადგინა. მისივე თქმით, კომპანია 40 დასახლების პროდუქციას აწარმოებს, რომლებიც თბილისში იყიდება და რეგიონების 40% ფარავს.

„შარშან დეკემბერში განვაახლეთ წარმოება და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა ნელ-ნელა აღვადგინეთ თითქმის ყველასთან ურთიერთობა გვქონდა გაწყვეტილი, რადგან ვერ  ვამარაგებთ, ყველა ქსელთან ვთანამშრომლობთ, „ნიკორას“ გარდა, „ნიკორა“ მაინც ჩვენი კონკურენტია და არ ვართ წარმოდგენილები.

რაც შეეხება მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნას, ისეთია, რომ ვერ ავუდივართ წარმოებას, 40 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე ჩვენი თევზის ჩიფსები გამოჩნდება“ - აღნიშნა დიტო წვერავამ.

რაც შეეხება გამოწვევას, დიტო წვერავა აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთ გამოწვევა კადრების დეფიციტია, კომპანია ქარელის რაიონში მდებარეობს და კადრების მოძიება და შენარჩუნება საკმაოდ პრობლემურია.

„კადრების დეფიციტს ძალიან მტკივნეულად განვიცდით, ჩვენ საწარმო ქარელის რეგიონშია და პროფესიონალი კადრები ძალიან ჭირს, ადამიანები მოდიან და რამდენიმე დღე იმუშავებენ და უკან მიდიან, ვერ ვახერხებთ კადრების  გაზრდას და პროფესიონალად  ჩამოყალიბებას. როდესაც მოდიან იგივე ხელფასს ვუნიშნავ, რაც ძველ კადრს აქვს, შემდეგ ერთ თვეში შეიძლება ისწავლოს საქმე, შეიძლება ვერ, მაგრამ მაინც მიდის და წინააღმდეგობებს ვაწყდებით“ - აღნიშნა დიტო წვერავამ.

ამ ეტაპზე კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე არ გააქვს, თუმცა ადგილობრივად, რეგიონების არეალის გაფართოებას გეგმავს. დიტო წვერავას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტებზე მუშაობა ხელით ხდება და „უმალს“ საწარმოო ხაზი არ აქვს, საექსპორტოდ საჭირო რაოდენობას ჯერ ვერ აწარმოებენ, თუმცა წვერავა აღნიშნავს, რომ ზაფხულიდან ელექტრო დანადგარების შეძენა იგეგმება.

„უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 105 ადამიანია დასაქმებული, რომელთა 90% ქალია. თევზის გადამმუშავებელი საწარმო 2022 წელს დაახლოებით 8 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო.