პარლამენტარი ნინო წილოსანის ოჯახმა თბილისში, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ცათამბჯენების პროექტი დეველოპერულ კომპანია „არქის“ მიჰყიდა.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, კომპანია „დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული 200 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის უძრავი ქონება შეიძინა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება ამჟამად “საქართველოს ბანკის” იპოთეკით არის დატვირთული.
როგორც „კომერსანტი“ ერთი წლის წინ წერდა, თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეპუტატი ნინო წილოსანი და მისი ოჯახის წევრების კომპანია 44 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას გეგმავდა. ნაძალადევის რაიონში, მიწის 10 ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე საკრებულომ თანხმობა 2023 წელს გასცა.
ვინ აპირებდა მშენებლობას და რა აკავშირებს კომპანიებს დეპუტატ ნინო წილოსანთან?
პროექტს მიხედვით, მშენებლობას სამი დამკვეთი ჰყავდა. სწორედ მათ ეკუთვნოდათ მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთებიც, ესენია:
- შსპ „ვილსონ გარდენი“;
- შპს „US TRADING COMPANY“;
- სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპი“.
შპს „ვილსონ გარდენი“ - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპია“, კომპანიის დირექტორი კი – გიორგი ტაბიძე. კომპანიას ასევე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები არიან:
- ირაკლი წილოსანი (ნინო წილოსანის ძმა)
- ირაკლი (ოთარ) რუხაძე („ლიბერთი ბანკის“ აქციონერი)
- დავით სამხარაშვილი
- გვანცა წილოსანი
- დავით ვეფხვაძე
ოფიციალურად გაფორმებულ დოკუმენტებში „ვილსონ გარდენის“ მისამართი ემთხვევა „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ მისამართს, რომლის პრეზიდენტი ნინო წილოსანის მამა ბადრი წილოსანია.
შპს „US TRADING COMPANY“ - მფლობელებსა და მეწილეებზე საქართველოს რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება. თუმცა, 2023 წლის იანვარში შევსებული საჯარო მოხელის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ნინო წილოსანი 2007 წლიდან ფლობს კომპანიის 25%-იან წილს.
სააქციო საზოგადოება „ფროუგრუპი“ - კომპანიის დირექტორი გურამ რატიანია, რომელიც ასევე შედის „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ საბჭოში, რომლის პრეზიდენტიც ბადრი წილოსანია.