ერთი თვის წინ, ქალაქ რუსთავში პირველი ლიტერატურული კაფე „კოგიტო“ გაიხსნა, სადაც ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, მყუდრო გარემოში საინტერესო წიგნებს გაეცნონ, საყვარელ მწერლებს შეხვდნენ, ფილმის ჩვენებებს დაესწრონ და თან გემრიელი კერძები დააგემოვნონ. „კოგიტო“ პირადი ინვესტიციით შეიქმნა, საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საწყისი კაპიტალი 50 000 ლარამდეა.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ლიტერატურული კაფეს დამფუძნებლები, ბესო დვალი და ამირან ჯანჯღავა ამბობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კაფე რუსთავში პატარა სარეპუტაციო წერტილად და კულტურული მიზიდულობის ცენტრად იქცეს.

„კომერსანტი“რუსთავში პირველი ლიტერატურული კაფეს დამფუძნებელს კაფეს გახსნის, კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა „კოგიტო“ და როგორია კონცეფცია?

ბესო დვალი, ლიტერატურული კაფე „კოგიტოს“ დამფუძნებელი: რუსთავში აქამდე ლიტერატურული კაფე არ ყოფილა. პირველ რიგში გვინდოდა, რომ ქალაქში კულტურული მიზიდულობის ცენტრი შეგვექმნა, სადაც ადამიანები ცოცხალ შეხვედრებს შეძლებდნენ, სადაც ფილმის ჩვენება მოეწყობოდა თავისი განხილვით და სადისკუსიო და სააზროვნო სივრცე იქნებოდა, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან დარჩენასა და  საკუთარ თავზე დაფიქრებაში, ლიტერატურის შესახებ ახალი ამბების აღმოჩენაში დაეხმარებოდა. გარდა ამისა, მკითხველების და წიგნიერების პოპულარიზაცია გვინდოდა იმიტომ, რომ ტექნოკრატიულ ხანაში ურთიერთობები უფრო ციფრული და დისტანცირებული ხდება. რატომღაც გვაქვს გულისწყრომა და გონივრული შიში, რომ წიგნის მატერიალური სურნელი, ის ემოცია, რაც ცოცხალ წიგნს აქვს, იკარგება, მინავლდა და დისტანცირებულ სამყაროში გადავდივართ. ამიტომ, ლიტერატურის მხარდაჭერა ჩვენი, როგორც მკითხველის მორალური ვალდებულებაა. თუმცა, ეს აბსოლუტურად ენთუზიასტური გადაწყვეტილება იყო.

როგორია კაფეს ინვესტიცია?

კაფე პირადი სახსრებით, კერძო ფინანსებით გაიხსნა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს შეიძლება კომერციულად მომგებიანი არ ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კაფემ იცოცხლოს და ქალაქის პატარა სარეპუტაციო წერტილად იქცეს. გვინდა, რომ რუსთავს, საშაურმის, სახინკლის, კვების ობიექტების მიღმა, კულტურული მიზიდულობის ცენტრი ჰქონდეს. პირველადი ინვესტიცია დაახლოებით 50 000 ლარამდე იყო.

როდის გაიხსნა კაფე და რა გეგმები გაქვთ?

9 მარტს გავიხსენით. უკვე 5 ავტორთან გვქონდა შეხვედრა. პირველი იყო ტარიელ ხარხელაური. ჩვენი სტუმრები იყვნენ: ალექსანდრე მიშელაშვილი, გურამ ჯახუტაშვილი, ანა ჯავახიშვილი და მარინე ცხვედიაშვილი. გვინდა, რომ ქალაქში იცოდნენ, რომ ყოველ შაბათს, ერთი და იგივე დროს, პერმანენტულად და სტაბილურად მოეწყობა მსგავსი შეხვედრები და ლიტერატურის მოყვარულებს შეეძლებათ, ავტორებთან შეხვედრა და მათთვის ცოცხალი ემოციის გაზიარება.

კაფეში გვაქვს წიგნების კუთხე. გამომცემლობა „აქტთან“დავმეგობრდით და არამხატვრული ლიტერატურაც ჩამოვიტანეთ. საკმაოდ გემოვნებიანი ავტორები გვყავს - პლატონი, მერაბ მამარდაშვილი, გურჯიევი და ა.შ. სახელწოდება - „კოგიტო“ დეკარტის მთავარი პოსტულატიდანაა  - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ისეთი ლიტერატურა გვქონდეს, რომელიც ადამიანს აზროვნების დაწყებაში, დაეჭვებაში, შეკითხვების დასმაში დაეხმარება.

გვქონდა, ასევე, ფილმის ჩვენება თავისი დისკუსიით, რასაც ძალიან პოზიტიური გამოძახილი ჰქონდა. ფილმების ჩვენებასაც პერმანენტულად ვგეგმავთ. სკოლებთანაც ვთანამშრომლობთ. კვირა დღეს, დილის 10 საათზე, ბავშვებს ვესაუბრებით ლიტერატურაზე. შეგიძლიათ, ჩვენს კაფეში ნებისმიერ დროს მოხვიდეთ და საქმიანი და კორპორაციული შეხვედრებიც დაგეგმოთ.

როგორია კაფეს მენიუ, ფასები, რა სეგმენტზეა გათვლილი?

მენიუ მსუბუქია, გვაქვს რამდენიმე ვეგანური კერძი, მაგალითად - ჰუმუსი, ასევე: ბასკური ჩიზქეიქი, კრემ-სუპები, პიცა, აზიური და ქართულ კერძები. ფასები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. დასაქმებული გვყავს 5 ადამიანი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, გარე სივრცეც ავითვისოთ, გამოფენებს ვუმასპინძლოთ, ცოცხალი მუსიკის საღამოები მოვაწყოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევქმნათ სოციალური სივრცე, სადაც ადამიანები ცოცხალ ურთიერთობებს დაუბრუნდებიან და აზრების გაცვლას შეძლებენ. ეს ერთი პატარა კომუნა იქნება, რომელიც ქალაქში კულტურული მიზიდულობის ცენტრი გახდება.