საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ სრულიად განსხვავებული კონცეფცია „ბიზნესასისტენტი“ წარუდგინა. 

„ბიზნესასისტენტის“ მიზნობრივ სეგმენტს ბიზნეს სექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. პროექტი  სახელმწიფოსა და  კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს. 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ გამარტივებულ სერვისებზე, რომელიც მოიცავს საჯარო რეესტრის სერვისების სრულ სპექტრს, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი „ბიზნესასისტენტი” უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები.

„ბიზნესასისტენტი“ იუსტიციის სახლის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს ბიზნეს საქმიანობას და უფრო მოქნილსა და კომფორტულს ხდის სერვისით სარგებლობას. მსგავსი პროდუქტები ზრდის ბიზნესის ოპერატიულობასა და ეფექტიან საქმიანობას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკაზე, რადგან სწორედ ბიზნეს სექტორი ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. 

„ბიზნესასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.