თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ის მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები დაფინანსდებიან, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება.

,,პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი. 

დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-ანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა კი შემდეგნაირად განისაზღვრება: 5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%; 5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%.

„ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას - პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან (30 ივლისიდან) და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს