ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში მედიკამენტებზე მაღალი ფასებით გამორჩეული ერთ-ერთი ქვეყანაა. მსოფლიოში ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზებით მიღებულ თანხაში ამერიკელების მიერ გადახდილი ფულის წილი 40%-ს შეადგენს. ამერიკის ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დარეგულირების მცდელობა სხვადასხვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში რამდენჯერმე იყო, თუმცა საკითხის მოგვარება და ფასების კონტროლის მექანიზმის შემოღება შტატებში ამ დრომდე ვერ შეძლეს. გამონაკლისი არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაა. პრეზიდენტს რეცეპტით გასაცემი მედიკამენტებისა და ფარმაცევტული საშუალებების 30%-დან 80%-მდე გაიაფება სურს.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს ინიციატივის დამტკიცება სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე? საკითხზე ჩვენ ,,საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ გავლენის შესახებ წინასწარი შეფასებების გაკეთება ნაადრევია, რადგან ეს კომპლექსური საკითხია და მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებების საფუძველზე შემცირდება ფასები ამერიკის ბაზარზე.   

,,მთელი თანხის 40% (მსოფლიოში რა თანხაც იხდება ფარმაცევტულ პროდუქციაზე) იხდება აშშ-ში. ეს იმის გამოა, რომ ფაქტობრივად სრულად უზრუნველყოფილია ამერიკის მოსახლეობა მედიკამენტებით და ასევე ფასებიც აშშ-ში საკმაოდ მაღალია. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ მიღებული იქნება, რამდენად შეიძლება აისახოს სხვა ფარმაცევტულ ბაზრებზე, მათ შორის საქართველოზე, დამოკიდებულია რა სახით იქნება მიღებული. მნიშვნელოვანია რ იგულისხმება ამ ინიციატივაში. პირდაპირ ფასების შემცირება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში? შეიძლება სადაზღვევო სისტემაში გარკვეული ცვლილებები შედის, რომელიც გულისხმობს ანაზღაურების კლებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თუ კონკრეტულად რა სახით იქნება მიღებული ეს ცვლილებები. ამიტომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელია გავლენა იქონიოს ამ გადაწყვეტილებამ თუნდაც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მედიკამენტების ფასებზე.’’- განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.

,,საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპულ და აზიურ ბაზრებზე ფარმაცევტული პროდუქტების ფასები რეგულირდება. რეგულაციის სისტემა არ მოქმედებს აშშ-ში, რაც მედიკამენტების მაღალ ფასს განაპირობებს. ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, რომ მედიკამენტების ფასები ქვეყანაში არსებულ სადაზღვევო სისტემასთან კავშირშია. მისივე თქმით, საჭიროა დაზუსტდეს, რას გულისხმობს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა და სწორედ დეტალების გასაჯაროების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების ფარმაცევტულ ბაზრებზე.

,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ქვეყნებზე ფასები ისედაც რეგულირებულია. აშშ-ში ფასებზე რეგულაცია არ არის, როგორც ასეთი. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ქვეყნებზე და არა მარტო ევროპის ასევე აზიის ქვეყნებზე, დამოკიდებულია თუ რას გულისხმობს ინიციატივა. მეორე, ფასთა რეგულაციის სისტემები, რომლებიც ისედაც მოქმედებს უმეტეს ქვეყანაში და მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს საფასო პოლიტიკას. მედიკამენტების ფასები ძალიან მჭიდრო კავშირშია სადაზღვევო მედიცინასთან, სისტემასთან, ანუ ქვეყანაში რა ტიპის სადაზღვევო სისტემაა, როგორ ხდება ანაზღაურება მათ შორის მედიკამენტების ფასების. საკმაოდ კომპლექსური მიდგომაა და ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ში რაღაც გაიაფდა ამდენი %-ით და ამას მიჰბაძავენ სხვები. ეს კომპლექსურია, რომელშიც გადაჯაჭვულია რამდენიმე საკითხი. მათ შორის ჯანდაცვის დაზღვევა. შტატების სხვადასხვა ადმინისტრაცია სხვადასხვა გვარად ეცადა ამ საკითხზე მუშაობას, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა ვერ მოხერხდა და არ მოხერხდა. იყო ბევრი მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ კონკრეტულად რა ნაბიჯები იქნება გადადგმული.’’- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.