ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, თორნიკე ლათათიას თქმით, წლევანდელმა ყინვებმა შიდა ქართლის ტერიტორიაზე გაშენებულ ნუშის ბაღებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ფერმერები დაახლოებით 3500-4500 ტონას მოსავალს ელოდებიან, რაც გასულ წელს 25%-ით აღემატება.
რაც შეეხება ფასებს, ლათათია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ნუშის გულის ღირებულება 18-20 ლარი იქნება, გაუტეხავი ნუშის სავარაუდო ფასი კი დაახლოებით 4 ლარი.
„წელს ყინვები ძირითადად შიდა ქართლის ტერიტორიაზე იყო და ნუშის ბაღებს მძიმე დაზიანებები მიაყენა. საშუალოდ 30-40%-იანი ვარდნა ექნება მოსავალს, თუმცა ზუსტი რაოდენობა ალბათ, 1 თვეში გვეცოდინება. დაახლოებით, 3500-4500 ტონა მოსავალს ველოდებით, რაც გასული წლის მოსავალზე დაახლოებით 25%-ით მეტია.
საქართველოში ნუშის მოსავლის 90% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით სრულად ჩავანაცვლეთ. ჩვენი ვარაუდით, წელს ნუშზე უკეთესი ფასი იქნება: ნუშის გულის ფასი იქნება 18-20 ლარი, ფერმერისთვის გადასახდელი გაუტეხავი ნუშის ფასი კი დაახლოებით 4 ლარი“, - აღნიშნა თორნიკე ლათათიამ.