“Eko” ცნობილი ბერძნული კომპანიაა, რომელიც საწვავით ევროპის ქვეყნებს ამარაგებს. “Eko” საქართველოს ნავთობის ბაზრიდან 2011 წელს გავიდა, თუმცა უკან 2017 წელს დაბრუნდა. სწორედ ამ წელს საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან ”საბერძნეთის პეტროლიუმთან” ,,Wissol”-მა ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში ”ეკო”-ს ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ხელშეკრულებით ,,Wissol”-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენებით ,,Eko”-ს მიერ წარმოებული ბენზინის გაყიდვის უფლება მიეცა.
,,Wissol”-ის მომხმარებლები სახელწოდება Eko-ს ქვეშ სწორედ საბერძნეთში წარმოებულ საწვავს მოიაზრებენ, თუმცა ,,კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბრენდი Eko-ს ქვეშ კომპანია ,,Wissol”-მა ევროპული წარმოების საწვავები გააერთიანა. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ავტომობილში Eko-ს ბენზინის ჩასხმით არა ბერძნულს, არამედ შესაძლოა სხვა ევროპული ქვეყნის საწვავს ასხამთ.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში საბერძნეთიდან ბენზინი აღარ შემოსულა. ,,კომერსანტი“ ,,Wissol”-ის პრესსამსახურს კონკრეტული კითხვით დაუკავშირდა. დავინტერესდით, როგორ ყიდის ,,Wissol”-ი ბრენდ Eko-s საწვავს მაშინ, როდესაც საბერძნეთიდან საწვავი აღარ შემოდის.
,,ვისოლი“ საქართველოს ნავთობის ბაზარზე უკვე 25 წელზე მეტია ოპერირებს და უახლესი ევროპული ხარისხის, ევრო 5 სტანდარტის საწვავის იმპორტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებს. მათ შორის იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და კვიპროსიდან. “ვისოლის” ქსელში ევროპული წარმოშობის საწვავის გამოსარჩევად, მრავალი წელია ვიყენებთ ეკო - მარკეტინგულ სახელს, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს საწვავის უმაღლეს ხარისხზე და ეკოლოგიურად უფრო მეგობრულ პროდუქტზე, რადგან ევრო 5 სტანდარტის საწვავში მინიმუმამდეა დაყვანილი გოგირდის და სხვა მავნე დანამატების შემცველობა.’’- ასე გვიპასუხეს კომპანიაში.
კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ ავტოგასამართ სადგურებში რებრენდინგი მიმდინარეობს, რაც სადგურების ვიზუალისა და პროდუქტების აღწერილობის განახლებას გულისხმობს. რებრენდინგის საჭიროება დღის წესრიგში დადგა, რადგან eko-ს ლოგოს ქვეშ მხოლოდ ბერძნული საწვავის გაყიდვაა შესაძლებელი. კომპანიამ კი ამ სახელით ყველა ევროპული წარმომავლობის ბენზინი გააერთიანა.
,,''Wissol"-ის ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგის პროცესი დაწყებულია. მოხდება ვიზუალური განახლება როგორც სადგურების იერსახის, ისე პროდუქციის აღწერილობის კუთხით."- განმარტეს კომპანიის პრესსამსახურში.