2025 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ადგილს იკავებს. აღნიშნულ პერიოდში ნავთობის იმპორტმა 397 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაკვეთთან შედარებით 6,2%-იანი კლებაა.
რას განაპირობა იმპორტის შემცირება? კითხვით ,,კომერსანტმა“ ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’’ ხელმძღვანელს მიმართა. ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ ნავთობის ბაზარზე მსგავსი ცვლილებები და რყევები ხშირია და 6%-იანი კლება საგანგაშო არ არის.
,,არითმიები სულ ხდება ბაზარზე. ხან იმატებს და ხან იკლებს. 6%-იანი კლება არ არის მტკივნეული არც ბაზრისთვის და არც კომერციული სუბიექტებისთვის. არაფერი ისეთი არ ხდება. ბაზარი არის სტაბილური და ვნახოთ 6%-იანი კლება გაიზრდება თუ შემცირდება. დაკვირვებას ვაწარმოებთ. ასეთი რამ ნავთობპროდუქტების სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება. ხან მოიმატებს და ხან მოიკლებს. მთავარია, ეს არ იყოს კატასტროფული პროცენტული მონაცემები. სხვა დანარჩენს ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ მდგრადი სიტუაცია ნავთობპროდუქტებზე მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არის. მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომლებიც მომპოვებლები არიან. იმიტომ, რომ რაღაც საკითხებში მომპოვებელი ქვეყნები ემორჩილებიან საერთაშორისო ბირჟებს. ვალდებულები არიან გაითვალისწინონ მათი პოლიტიკა. ეს არის პლაცები, მოპოვების პროცენტები. 6%-იანი კლება ბევრს არაფერს არ ნიშნავს.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’’ ხელმძღვანელი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საწვავის მოხმარების მატებას პროგნოზირებს. ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, რომ ზაფხულის პერიოდში იზრდება ავტომობილით გადაადგილების მაჩვენებელი. ქვეყანაში შემოდიან ტურისტები და იმატებს ტრანზიტი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ის მოხმარებული საწვავის მოცულობის მკვეთრ მატებას ელოდება.
,,მოხმარების პიკი არის ზაფხულში, რადგან მოძრაობა იმატებს, ტურისტი იმატებს, ტრანზიტი იმატებს ზაფხულში. შედეგიც საკადრისია. ანუ მოხმარება უფრო მეტია ზაფხულის პერიოდში, ვიდრე სხვა პერიოდებში. ბუნებრივია ტრანზიტი ზაფხულში მეტი იქნება. რადგან მოგეხსენებათ, რომ ზამთარში ზოგჯერ სულ იკეტება ჯვრის უღელტეხილი. ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ტრანზიტული ტრანსპორტი ჩვენთან ყიდულობს საწვავს.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.