გაერთიანებულ სამეფოს ქალაქ ლონდონში The Wall Street Journal CEO Council Summit გაიმართა. ფორუმი დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებას და მასში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და გლობალური ინვესტორები.

 

წელს ფორუმის მხარდამჭერი პარტნიორი იყო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

 

სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

 

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებამ მეტი იცოდეს საქართველოს არსებული შესაძლებლობების შესახებ. The Wall Street Journal CEO Council Summit-ი, ტრადიციულად, თავს უყრის მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პირველ პირებს. ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას პირისპირ ვესაუბროთ გლობალურ ინვესტორებს საქართველოს პოტენციალზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

 

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, CEO სამიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებთან და პოტენციურ ინვესტორებთან. „სამიტზე წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი საერთაშორისო კორპორაციები როგორებიცაა Netflix, Rolls-Royce, SAP და სხვ. შეხვედრების ფორმატში წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელებს, მათ შორის Accenture-სა და Dow Jones-ის პირველ პირებს, მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მათ შორის, რეგიონში გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპისა და  ბოლო 4 წლის განმავლობაში 7 მილიარდ აშშ დოლარამდე მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ IT და BPO სექტორებში მიღწეულ შედეგებზე. დღეს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები EPAM, Viber, TP და Concentrix უკვე ოპერირებენ საქართველოში და ათასობით ადამიანს ასაქმებენ,“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.