ზაფხულის თვეები სასტუმროსთვის აქტიურ სეზონს უკავშირდება. როგორც ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარე, 26 ნომრიანი სასტუმრო "შაორის"  გენერალური მენეჯერი, ირაკლი ჯმუხაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, სასტუმრო 60%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ხოლო წინასწარი ჯავშნები, ივლისის თვეში უკვე 40%-ზეა ასული.

ირაკლი ჯმუხაძის ინფორმაციით, მომხმარებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, რასაც სხვადასხვა, ფაქტორს უკავშირებს.

"ჩვენი სასტუმრო დაახლოებით, 60-65 ადამიანს იტევს. ამ ეტაპზე, სეზონურად ვმუშაობთ, კერძოდ, გვიანი გაზაფხულიდან დავიწყეთ და შემოდგომაზე დავიკეტებით. სასტუმროს დახურვის მიზეზი აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის კლებაა.

როგორც წესი, ივლისის მეორე ნახევარში 80%-იანი დატვირთვა გვაქვს ხოლმე, ხოლო აგვისტოში დაკავებული მინიმუმ 90% გვაქვს. სექტემბერში მომხმარებელთა რაოდენობა იკლებს... წინასწარი ჯავშნებს, რაც შეეხება -  ივლისში 40% უკვე დაჯავშნილია, ასევე წინასწარი ჯავშნები უკვე აგვისტოშიც გვაქვს. ძირითადი ვიზიტორების მიმართულებით, რომ გესაუბროთ, 70-80% ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მცირე ნაწილი 20-30% უცხოელ მომხმარებლებზე მოდის. უცხოეთიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, ევროპელი ტურისტები ამ ეტაპზე ნაკლებადაა.

წინა წლის პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა თუ რამდენი პროცენტით, ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება. სასტუმროს ფასებს რაც შეეხება, 2 ადგილიანი ნომრის ღირებულება დილის საუზმით - 200 ლარიდან იწყება და შემდეგ უკვე 370 ლარამდე ადის. მომავალ თვეებში, როგორც უკვე გითხარით დატვირთულ სეზონს ველოდებით", - აღნიშნავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, სასტუმრო "შაორი" ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარეობს და 26 ნომრისგან შედგება.

ბიზნესპარტნიორი