ერთი წლის წინ, 18 ივნისს, ყველა ქართველის ოცნება რეალობად იქცა. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ისტორიული დღის აღსანიშნავად, ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის ინიციატივით, GM25-ის ბრენდის ფარგლებში, სპეციალური საიუბილეო ღვინო - Legacy of GM25 შეიქმნა. პროექტის იდეა პირადად სპორტსმენს ეკუთვნის, ხოლო მისი განხორციელება სპორტული ბრენდის Sports Orient მხარდაჭერით განხორციელდა.
,,ეს გამოცემა პატივს მიაგებს იმ დაუვიწყარ მოგზაურობას, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა. დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა, იქ თამაში და მოქმედი ევროპის ჩემპიონების გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხება — ნამდვილი ზღაპრული მიღწევა იყო, ისეთი ძლიერი ემოციებით, რომ მისი უკვდავყოფა როგორც პირად, ისე საერთო მეხსიერებაში აუცილებელია.’’- წერია Sports Orient-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Legacy of GM25 არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინოა, არამედ კოლექციური და მემორიალური ნივთიც, რომელიც უკავშირდება ქართველ სპორტსმენსა და ეროვნულ სიამაყეს. საიუბილეო ღვინის გამოშვების მიზანია უკვდავყოს ის ისტორიული ემოციები, რომლებიც 2024 წელს ევროპაზე გასვლამ და ქვეყნის გაერთიანებამ გამოიწვია. წითელი, მშრალი ღვინო წარმოებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ჩამოისხა ლიმიტირებული რაოდენობით. ჯამში 1 000 ბოთლი. ღვინო გაყიდვადი 2025 წლის შემოდგომიდან იქნება.
„ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეტაპია. ეს ღვინო კი სიმბოლურად იმ ერთობას გამოხატავს, რაც ჩვენმა წარმატებამ და გულშემატკივრების მხარდაჭერამ შექმნა,“ – აღნიშნავს გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურ განცხადებაში.
Sports Orient, რომელიც მამარდაშვილის პარტნიორია, აღნიშნულ ინიციატივას აქტიურად უწევს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი სპორტსმენების მიღწევების მხარდაჭერის მნიშვნელობას.