GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე BM.GE-სთან ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ყველაზე დიდი გამოწვევა სექტორში ბიუროკრატიაა, რაც პროცესებს მნიშვნელოვნად აჭიანურებს. მაშინ, როდესაც ბიზნესისთვის თითოეული დღე და წუთი მნიშვნელოვანია.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ყოველწუთიერად ვაწყდებით, არის ბიუროკრატია. კერძო სექტორი პროექტებს ამზადებს და 24 საათი მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი პოტენციალის სრულად ათვისება მოხდეს, რაც ბუნებრივია სახელმწიფო სტრუქტურებთან უნდა შეთანხმდეს. თუმცა, აქ პროცესები საკმაოდ დიდხანს ჭიანურდება. მაშინ, როდესაც ბიზნესისთვის დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან, შავი ზღვის კაბელის აშენების შემთხვევაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, თუ მას გენერაციის ობიექტებს და გენერირებულ ელექტროენერგიას არ დავახვედრებთ, ავტომატურად იმ ქვეყნად ვყალიბდებით, რომელიც სხვა ქვეყნებში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანზიტს უზრუნველყოფს. ანუ სატრანზიტო როლი გვექნება და არა საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქტის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი“, - ამბობს მაია მელიქიძე და დასძენს, რომ პრობლემისგან თავის არიდების მიზნით, ბიუროკრატიის შემცირება და ერთი ფანჯრის პრინციპის შემოღება ეფექტური იქნება, რითაც ნებისმიერი უწყება კოორდინაციას შეძლებს ერთმანეთთან და ბიუროკრატიული საკითხები 1 და 2 წლამდე არ გაჭიანურდება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხარეს, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, უწყებებში კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და კადრების სერიოზული დეფიციტია. შესაბამისად, მცირე ადამიანური რესურსი დიდ დატვირთვას ვერ აუდის და პროცესები დროში ჭიანურდება: “მნიშვნელოვანია კადრების დამატება მოხდეს და ეს კადრები იყვნენ ისეთ პირობებში, რომ კერძო სექტორის დაკვეთას უპასუხონ“, - თქვა მან.
Bm.ge