ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის  წარდგენა  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 30 მწარმოებლის პროდუქცია საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა-გაყიდვას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო - მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.