თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარი - თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.

ეკონომისტების ნაწილი, წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროგნოზების შესაბამისად ელის. ეკონომისტი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძის ამბობს, რომ მიუხედავად საარჩევნო წლისა, დღევანდელი მდგომარეობა და პროგნოზები არ იძლევა ისეთ სურათს, რომ პოლიტიკურად სიტუაციის რადიკალური შეცვლა იყოს მოსალოდნელი, რაც შემდეგ ეკონომიკაზე აისახება.

„საქართველოს ეკონომიკა პროგნოზების შესაბამისად იზრდება. წელს ეკონომიკური ზრდა მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზების ფარგლებში იქნება, მიუხედავად იმისა რომ არჩევნების წელია. ზოგადად არჩევნების წელს მოსალოდნელია გარკვეული გართულება, პოლიტიკური სიტუაციის გამძაფრება, რაც ბუნებრივია, შემდგომ ეკონომიკაზე აისახება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სურათი არ იკვეთება. არჩევნებამდე დროა და შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ დღეისათვის რაიმე გამოკვეთილი სურათი არ გვაქვს, რაზედაც შეიძლება ვთქვათ, რომ ხელს შეუშლის ეკონომიკურ განვითარებას.

არც ის გამიკვირდება, თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება მაღალი იქნება. როგორც ვთქვი, არჩევნების წელს შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ, რადგან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდებიან ქვეყანაში. ეკონომიკური ზრდის საერთაშორისო პროგნოზებში აუცილებლად აისახებოდა პოლიტიკურად სიტუაციის რადიკალური შეცვლა რომ იყოს მოსალოდნელი. რადგან მსგავსი მოლოდინი არ არის, ამიტომ გვაქვს შედარებით მაღალი საპროგნოზო მაჩვენებლები“, - ამბობს ავთანდილ სილაგაძემ.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 7.0%-იან ზრდას ველოდებით.

2024 წელს, მიგრანტების ნაწილობრივი გადინების მიუხედავად, თიბისი კაპიტალი ეკონომიკის 5.6%-ით ზრდას და სტაბილურ გაცვლით კურსს პროგნოზირებს.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, მისი პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება.