ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები მესამე CFD აუქციონის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, მეორე CFD აუქციონში დადგენილი ტარიფი ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისთვის მისაღები არ არის, გარდა ამისა, მათივე მტკიცებით, ორ მეგავატამდე ჰესების მშენებლობების ეტაპი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს, რადგან მცირე და საშუალო ჰესების წახალისება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო მესამე აუქციონის გამოცხადებაზე უარს არ ამბობს, თუმცა პროცესი გაჭიანურებულია, რადგან მცირე და საშუალო კომპანიებმა მესამე აუქციონის გამოცხადების მიახლოებითი თარიღიც კი არ იციან.
„განახლებადი ენერგიების მშენებლობასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს იმდენი დოკუმენტაცია და ბიუროკრატია, როგორიც ეს არის პირობითად, ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებით. მესამე აუქციონის გამოცხადებაზე უარს სახელმწიფო არ ამბობს, მაგრამ ჩვენთვის კონკრეტული თარიღი ისევ უცნობია.
პირველმა და მეორე აუქციონმა გვაჩვენა, რომ პროექტები ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდნენ და საკმაოდ კარგი პირობები ჰქონდათ აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის. ბუნებრივია, მათ ვინც პირველ და მეორე აუქციონში ვერ გაიმარჯვა, ფიქრობდნენ, რომ მესამე აუქციონში ექნებოდათ შანსი, რომ გაიმარჯვონ. გარდა ამისა, როცა მშენებელი აუქციონში იმარჯვებს, მას შეუძლია უფრო თამამად მოითხოვოს გარკვეული პირობები; ამიტომაც პატარა კომპანიებს ძალიან ეკომფორტულებათ აუქციონში მონაწილეობა და ისე მოპოვება მშენებლობის უფლების“,- აღნიშნა გია არაბიძემ.