„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის სერვისების განვითარების კუთხით. დღეს ხელი მოვაწერეთ ჩვენს პარტნიორ Visa-სთან ერთად თანამშრომლობს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს ვიწყებთ - აეროპორტს მიმდინარე წლის ბოლოს უკვე Visa-სთან ერთად შექმნილი ლაუნჯი დაემატება“, - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

Visa ციფრული გადახდების გლობალური ლიდერია, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს მოაწყობს. პარტნიორობის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. პროექტის თანახმად, ბიზნეს ლაუნჯი  აეროპორტის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და რამდენიმე ზონას მოიცავს - მოსასვენებელ, სამუშაო და კვების ზონებს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი სტანდარტის შესაბამისი სერვისები არსებობდეს, რაც კარგი გამოცდილების მომტანი იქნება მგზავრებისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნეს ლაუნჯი სწორედ ასეთი სივრცე იქნება. მისი ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია, რომ მიმდინარე წელს შემუშავდეს აეროპორტის შემდგომი განვითარების გეგმა უშუალოდ სამგზავრო ტერმინალის გაფართოების კუთხით. „გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო - ჩვენ ვუმასპინძლეთ  2 მლნ-მდე მგზავრს. მიმდინარე წლის ოთხი თვეც, ფაქტობრივად, რეკორდულია - ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ მგზავრსა და ტურისტს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი ტერმინალის გამტარობა 2,5 მლნ მგზავრია წელიწადში, თუმცა, არსებული ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ვხედავთ საჭიროებას, რომ განვაახლოთ და რევიზია გავუკეთოთ განვითარების გეგმას და არსებული აეროპორტი უახლოეს ვადებში 5 მლნ მგზავრამდე გავაფართოვოთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ბიზნეს ლაუნჯის სივრცე მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან ამოქმედდება. ოპერირების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ლაუნჯი განსაკუთრებული დიზაინით იქნება გაფორმებული -  თანამედროვე, მინიმალისტური კონცეფციით, ინტერიერი კი ადგილობრივ თემატიკაზე იქნება აგებული, კერძოდ, მითზე არგონავტების შესახებ. ინტერიერი ხაზს გაუსვამს ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას და ქალაქის ავთენტურობას.  აღსანიშნავია, რომ Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ბიზნეს სივრცის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროა ავრცელებს