ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია

„ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია, რომელმაც მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი, უსამართლო გადაწყვეტილება 2022 წელს, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასტან დაკავშირებით. იგივე გაიმეორეს შემდეგ დეკემბერში, მარტში, ივნისში და ა.შ. ორი წელი იღებდნენ უსამართლო გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ახლა თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ, ვინ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვიხვეწებოდით, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ არ ვიყავით პროევროპულები. ჩვენ ვიხვეწებოდით, გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და ჩვენ გვითხრეს, რომ არ გვინდოდა ევროპული ინტეგრაცია. ვის არ უნდოდა, ხომ ჩანს. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ და ჩაერია საქართველოს არჩევნებში. პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საჭირო იყო ამომრჩევლის მობილიზაცია, იმისათვის, რომ შეეცვალათ მოქმედი ხელისუფლება. ეს ხომ არის ანტიდემოკრატიული ქმედება. ვინ უნდა გააკრიტიკოს ამის შემდეგ ევროპულმა ბიუროკრატიამ? ისინი პირდაპირ, უხეშად ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში. შესაბამისად, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. როდესაც ამას არ აქვს რაციონალური ახსნა, ახსნა შეიძლება მოვძებნოთ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ვიღაცა აფათურებს ხელს ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს