დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებიან და იყენებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზს, რათა ხანგრძლივი ვადით დარჩნენ. გარდა ამისა, ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობას და შემოდის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის სისტემის ამგვარად, ანუ ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით არსებობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კანონპროექტზე მუშაობა წლების განმავლობაში მიდიოდა.
„ვაკვირდებოდით იმ თანამედროვე მიდგომებს და კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება ამ მიმართულებით და ასევე ვაკვირდებოდით იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობდა. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებიან და იყენებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზს, რათა ხანგრძლივი ვადით დარჩნენ. გარდა ამისა, ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობას და შემოდის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის სისტემის ამგვარად, ანუ ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით არსებობს. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ გარკვეულმა მიგრაციულმა ნაკადებმა საქართველოში გადმოინაცვლოს.
გარდა ამისა, საზოგადოება ადევნებს თვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ძალიან მძიმე მოვლენებს, ომებს და ა.შ., რომელიც ასევე აიძულებს ადამიანებს, იძულებით გადაადგილდნენ თავიანთი ქვეყნიდან. შესაბამისად, ყველა ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად გაამკაცროს კანონმდებლობა და ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ადამიანებს, ვინც, შესაძლოა, თავშესაფრის სისტემა გამოიყენოს ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენის მიზნისთვის და რეალურად მათ არ ესაჭიროებათ ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარი, შესაბამის საკანონმდებლო მექანიზმებს ახვედრებს და იცავს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, ყველა მექანიზმი, რომელიც პრაქტიკაში გამოვლინდა, რომ იყო ხვრელი კანონში და იყენებდნენ კონკრეტული პირები ქვეყანაში ლეგალურად ხანგრძლივი ვადით დარჩენის მიზნებისთვის, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება და იქნება კონკრეტული გამართული მექანიზმები, რომლებიც უწყებას საშუალებას მისცემს, ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარი არ ესაჭიროებათ, დროულად ეთქვათ უარი და დაიწყოს გაძევების პროცედურა.
„გარდა ამისა, შემოდის სახდელის, ანუ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – ქვეყნიდან გაძევება, რომელსაც გამოვიყენებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორებიც არის, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. საზოგადოება ხედავდა, რომ არაერთი უცხოელი მონაწილეობდა გასული წლის აქციებზე, მათ შორის, რამდენიმე მათგანი პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ და მოგვიწია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს“, – განაცხადა დარახველიძემ.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სისხლის სამართალშიც ემატება სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა, რომელიც გამოიყენება საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ნებისმიერი სხვა დანაშაულისთვის, რომელსაც უცხოელი ჩაიდენს.
„არის კონკრეტული ვადები. თუ, ვთქვათ, ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, შედარებით მცირე ვადებია, 5-დან 10 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის უვადო შეზღუდვაც კი შეიძლება დაწესდეს“, – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, დარახველიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს, როგორიცაა დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და მნიშვნელოვნად მკაცრდება ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, ვინც უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევენ.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ამ ცვლილებებით ქვეყანას ექნება ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, რათა, ერთი მხრივ, ადამიანებს, ვისაც საერთაშორისო დაცვა ესაჭიროება, დროულად მიანიჭოს და იყოს ამის საშუალება, ხოლო ადამიანებს, ვინც ამას ბოროტად იყენებს და ხელოვნურად იხანგრძლივებს ქვეყანაში ყოფნის შესაძლებლობას, მათ შემთხვევაში იყოს მკაცრი მიდგომები.