ქართულ ღვინოს განსხვავებული გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, იაპონიისა და ჩინეთის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს. როგორც "ბარბალეს მარანის" დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ქართულმა ღვინომ უცხოურ ბაზარზე საკუთარი ნიშა უნდა დაიკავოს, რაც დახვეწილ გემოვნურ თვისებებს, ხარისხსა და ისტორიას უკავშირდება.

მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ნებისმიერმა ღვინის მწარმოებელმა საქართველოს ღვინის წარსულს, ისტორიას უნდა მისდიოს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორია! ჩვენ ხომ ღვინის სამშობლო ვართ, გვაქვს ღვინის დაყენების სპეციფიკური მეთოდი, ქვევრი. ტრადიციულ ქვეყნებში ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენ მხოლოდ ქართული ღვინო არ უნდა გავყიდოთ, ქართული ღვინის ისტორიასაც ვყიდით. ამ ყველაფრის საშუალებას კი, საბედნიეროდ, საქართველოს წარსული გვაძლევს. ეს უნდა იყოს ამბავი - ქართული ღვინის შესახებ. ნებისმიერმა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა ჩვენს ისტორიას უნდა მისდიოს. ხარისხის კომპონენტი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, საკმარისია, რომელიმე ბაზარზე არა ხარისხიანი პროდუქტი გამოჩნდეს - ისტორია უკვე იკარგება და არაფერში აღარ გამოდგება. მოგეხსენებათ, კარგ ისტორიას ცუდი ღვინო, თუ მიაყოლე, ცუდ შედეგს მიიღებ.

უცხოურ ბაზარზე  დიდია კონკურენცია, არ ვსაუბრობ მხოლოდ საფრანგეთსა და იტალიაზე, არამედ შედარებით უფრო დაბალი ხარისხის ზელანდიურ, ჩილეს ღვინოებთან შევდივართ კონკურენციაში. აღნიშნული ქვეყნის ღვინოებს საკმაოდ კარგი გემოვნური თვისებები აქვს და ბიუჯეტიც დაბალია. შესაბამისად, უცხოურ ბაზარზე ჩვენი ნიშა უნდა მოვნახოთ. დახვეწილი გემოვნური თვისებები, ხარისხი, ისტორია - ეს ყველაფერი ჯამში სასურველ შედეგს მოგვცემს.  იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ, 5-10 წელიწადში მყარი შედეგი გვექნება და შევძლებთ, საძირკველს შემდეგი აგური დავადოთ“, - აცხადებს  "ბარბალეს მარანის" დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 12 მაისს ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. მათივე ცნობით, იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მაგალითად, მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 21%-ით აღემატება.

რაც შეეხება "ბარბალეს მარანს", ის  2014 წელს, ცნობილმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ შექმნა. მარანი ამჟამად შინდისში მდებარეობს. "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. 

ბიზნესპარტნიორი