„მოთხოვნა შემცირებულია - შემოსულია ტურისტი, მაგრამ ოქროს მხრივ ნაკლებად მსყიდველუნარიანები არიან“, - ამის შესახებ „ოქროს კიდობნის“ დირექტორი ნანა სონგულია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.

„ოქროს კიდობნის“ დირექტორი ელის, რომ ოქროს გაყიდვების მიმართულებით ბაზარზე არსებული მდგომარეობა შესაძლოა, აგვისტოს ბოლოდან გამოსწორდეს.

„ზაფხულის პერიოდია, ადგილობრივი მოსახლეობა გასულია ქალაქიდან, შემოსულია ტურისტი, მაგრამ ოქროს მხრივ ნაკლებად მსყიდველუნარიანები არიან - ყველას უნდა გართობა, რესტორანი და ხაჭაპური“, - ამბობს სონგულია.

რაც შეეხება ფასებს, ამჟამად 1 გრამი სუფთა ოქრო ბირჟაზე 290 ლარი ღირს.

„ზაფხულში მოთხოვნა იკლებს ხოლმე. შესაძლოა, 20 აგვისტოს შემდეგ თანდათან გაყიდვები წამოვიდეს. რაც შეეხება ფასს, 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი 290 ლარია. 10 გრამიანი ბეჭედი ღირს 2900 ლარი“, - განაცხადა ნანა სონგულიამ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გლობალურ ბირჟებზე 1 უნცია ოქროს ფასი თბილისის დროით 13:00 საათისთვის 3 363 დოლარს შეადგენს. ფასი დღის ჭრილში შემცირებულია 1.07%-ით, ბოლო ერთ თვეში კი გაძვირებულია 1.49%-ით.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი