ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „CORUS SYSTEMS INC.”ორგანიზებით, ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში, რვა უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში, ივნისის თვეში ქართული ღვინის ჯამში 16 დეგუსტაცია გაიმართა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„თითოეული ღონისძიების ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო. ასევე, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს - როგორც ღვინის სამშობლოსა და თანამედროვე, განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ.
მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება. ქართული ღვინო რეგულარულადაა წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. ასევე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.