ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ლარის კურსი დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 3,1-ზე მეტი, რაც ჩავარდა, რადგან ლარის კურსი დღეს არის სტაბილური, ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების სწრაფად შევსებას.
„ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი ეკონომიკური ზრდის კუთხით და 4 თვის განმავლობაში გვაქვს 8,8 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ამის შედეგია ის, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ 7,2 პროცენტზე მაღალიც გვექნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის 3-პროცენტიანი ზღვრის მიმდებარედ. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს