„სოფლის მეურნეობაში უმთავრესი გამოწვევა ცოდნასთან ერთად დღეს არის მუშახელი - ფულს გაუსწრო მუშახელის პრობლემამ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და შპს „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორის გელა ხანიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ფინანსური რესურსი დღეს საქართველოში უფრო ადვილი მოსაძებნია, ვიდრე შრომითი რესურსი. გარდა ამისა, მანვე ისაუბრა სოფლის მეურნეობაში არსებულ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა ცოდნისა და ტექნოლოგიების ნაკლებობა.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა გარდამავალ სტადიაზეა. 90%-იან წლებში მოვსპეთ ყველაფერი, 27 ათასი ტრაქტორიდან ნულზე ჩამოვედით, 20 500 მანქანიდან - ნულზე, 1700 კომპანიიდან - ნულზე - ამ ყველაფრის ხელახლა შექმნა რთულია. მიწები დავანაწილეთ მაქსიმუმ 1 ჰექტრიან ფართობებად. უბრალოდ ძალიან რთულია, რომ ახლა ყველაფერი გამოვასწოროთ - 30 წელიც ძალიან ცოტაა ამისთვის.

სახელმწიფო დახმარების პროგრამებით დაახლოებით 10 ათასი ტრაქტორია შეძენილი ქვეყანაში, მაგრამ ფართობების დანაწილების კუთხით კვლავაც პრობლემაა. ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წამოვიდოდი, დავამუშავეთ მიწის კონსოლიდაციის პროგრამა, ეს ყველაფერი არის ის, რაც უნდა გაკეთდეს, რათა მივიღოთ ბიზნეს სოფლის მეურნეობა.

როდესაც ჩვენ მივდივართ ბიზნეს სოფლის მეურნეობაზე საუბარზე, გასათვალისწინებელია ის, რომ საჭიროა დაქირავებული შრომა, რაც გაძვირებულია. დღეს უმთავრესი გამოწვევა ცოდნასთან ერთად დღეს არის მუშახელი, ფულს გაუსწრო მუშახელის პრობლემამ - ფინანსური რესურსი დღეს საქართველოში უფრო ადვილი მოსაძებნია, ვიდრე შრომითი რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ძვირადღირებულია სოფლად ერთი სამუშაო ძალის 8 საათიანი მონაკვეთი“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი