მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და პირველივე ტაიმში თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კვარაცხელიას პასებით გოლები ფაბიან რუისმა და ვიტინიამ გაიტანეს.
მატჩის შესახებ კომენტარი „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდში არსებული სიტუაცია იდეალურად შეაფასა და კლუბმა ზამთარში ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.
„პირველ ტაიმში კვლავ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც საჭიროა. „პარი სენ-ჟერმენმა“ იდეალური შეხვედრა ჩაატარა. მეორე ტაიმში გოლის გატანა შევძელით, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა. მოგვიანებით ლენგლეს გაძევებამ მდგომარეობა სრულიად გამოუვალი გახადა.
პსჟ-ს ძალიან ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი ჰყავს. ლუის ენრიკემ კარგად შეაფასა სიტუაცია, იცოდა, რა სჭირდებოდა და მათ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს“, – განაცხადა სიმეონემ.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს პსჟ 20 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ ჩაატარებს. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ეთერში ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.