აშშ ეწინააღმდეგება დიდი შვიდეულის ქვეყნების წინადადებას რუსული ნავთობის ფასის ზღვრის შემცირების შესახებ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ორგანიზაცია კანადაში გასამართ სამიტზე ფასის ზღვრის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწევს.

დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს შეუძლიათ განიხილონ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის შემცირება აშშ-ს მონაწილეობის გარეშე, თუმცა ეს ისეთი ეფექტური არ იქნება, როგორც იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯი დიდი შვიდეულის ყველა წევრმა ერთხმად დაამტკიცა.

აშშ-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული, აცხადებენ ოფიციალური პირები. ამ მიზეზით, G7-ის სხვა წევრები არ გამორიცხავენ, რომ ვაშინგტონი შეცვლის თავის პოზიციას.

G7-ის ქვეყნებმა ნავთობის ფასებზე ლიმიტი 2022 წლის დეკემბერში დააწესეს. 2023 წლის თებერვალში ასევე ამოქმედდა შეზღუდვები ნავთობპროდუქტებზე: 100 დოლარი ბარელზე დიზელის საწვავზე (რადგან ის ნედლ ნავთობთან შედარებით პრემიუმ ფასად იყიდება) და 45 დოლარი ბარელზე მაზუთზე, რომელიც ფასდაკლებით იყიდება. G7-ის ქვეყნების კომპანიებს ეკრძალებათ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის მომსახურების გაწევა, თუ ისინი ლიმიტზე მაღალ ფასად იყიდება.