სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწვევით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ „მწვანე სოფლის მეურნეობის” გლობალურ ფორუმსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის მეცნიერებისა და ინოვაციების მე-2 რეგიონალურ კვირეულში მონაწილეობდა.
„ფორუმის და შეხვედრების ფარგლებში, მთავარი საკითხები იყო აგრარულ სექტორში არსებულ იმ გამოწვევებზე მსჯელობა, რომელიც უკავშირდება კლიმატის გლობალურ ცვლილებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, დეგრადირებული ნიადაგების ფართობების შემცირებას და დეკარბონიზაციას, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების დანერგვის გაფართოებას, პესტიციდების გამოყენების, სითბური აირების მაქსიმალურად შემცირებას, ორგანული პრეპარატების, კომპოსტების წარმოების ზრდას, უნარჩენო ციფრული, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებას, ღონისძიებებში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართულობას, ეროვნული, საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას და ფინანსური ინსტრუმენტების გაზრდას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძე სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ევროპისა და აზიის ქვეყნების რეგიონალურ წარმომადგენელს ვიორელ გუცუს და რეგიონალური პროგრამების ხელმძღვანელ რაიმუნდ იელეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში FAO-ს ეგიდით განხორციელებულ პროექტებს, ასევე, იმ სამომავლო ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყანაში სწორედ „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გაფართოებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს