მეთხილე ფერმერებმა, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით უნდა მოახდინონ – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველებმა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართონ.
თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ფერმერს თხილის ბაღი კადასტრში გასულ წლებში დარეგისტრირებული ჰქონდა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა მიმდინარეობს ეტაპობრივად. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www.rda.gov.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში