იტალიური პასკები დიდ სუპერმარკეტებსა და პრემიუმ-კლასის მაღაზიებში უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც იყიდება. ქართული, ადგილობრივი წარმოების პასკის გაყიდვა კი 15 აპრილის შემდეგ დაიწყება.

წელს ქართული წარმოების პასკაზე ფასები თითქმის არ გაზრდილა, იტალიური პასკის ფასიც მინიმალურად - 5%-თაა გაზრდილი. მთლიანობაში, ბაზარზე პასკის ფასების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ სააღდგომო პასკის მინიმალური ფასი 8 ლარია, მაქსიმალური კი - 219.

ქართული წარმოების პასკები

მიმდინარე წელს ქართული წარმოების პასკები 8-დან 22 ლარამდე ეღირება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ტკბილი ქვეყნის“ წარმომადგენელმა განაცხადა, მათი პასკა ერთ კვირაში გამოჩნდება სუპერმარკეტების ქსელში, დღეიდან კი ადგილზე, საწყობში დაიწყეს გაყიდვები. კომპანიაში ისიც გვითხრეს, რომ პასკა არ გაუძვირებიათ და იგივე ღირს, რაც გასულ წელს ღირდა: 850 გრამიანი „პუდრიანი პასკის“ ჩასაბარებელი ფასი 10.5 ლარია; პასკა საფირმო შეფუთვით კი 12 ლარი ეღირება. ქსელში კი ფასნამატით გაიყიდება და ამ ფასნამატს სუპერმარკეტი განსაზღვრავს.

როგორც ჩვენთან საუბრისას საკონდიტრო საწარმო „სანდომის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძემ აღნიშნავს, მათი პასკები უკვე შედის სუპერმარკეტების ქსელში და გაყიდვები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„პასკებზე მოთხოვნა მომატებულია და, შესაბამისად, წელს რაოდენობაც გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ნედლეულის ფასები სტაბილური არ არის, პასკის ფასი არ გაზრდილა, შარშანდელი შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საშუალო ზომის „სანდომის“ პასკები 7.98-8.50 ლარი ეღირება, 840-გრამიანი - 12.5 ლარი“, - აცხადებს თეკლა თალაკვაძე.

იფქლიც“ შემდეგი კვირიდან იწყება პასკის გაყიდვებს. მათი ჩასაბარებელი ფასი 3 ლარიდან (170-გრამიანი შეფუთვა) 12 ლარამდე მერყეობს, უფრო კონკრეტულად - 450-გრამიანი შეფუთვით პასკა 5.50 ლარი ეღირება, 650-გრამიანი - 8 ლარი, 700-გრამიანი - 12 ლარი.

გუდვილში“ 800-გრამიანი ტრადიციული პასკა ქიშმიშით 18.95 ლარი ღირს, 850-გრამიანი ტრადიციული პასკა ქიშმიშითა და ცუკატით 21.95 ლარი.

იტალიური პასკები

წინა წლების მსგავსად, ბაზარზე ყველაზე ძვირი იტალიური პასკებია და მათი ფასი 20-დან 219 ლარამდე მერყეობს.

„გუდვილში“ იტალიური პასკები 19.95 ლარიდან 68.95 ლარამდე ღირს. არჩევანი დიდია - პასკები შოკოლადით, ნუშით, ლეღვით, ალუბლით, ქოქოსით,  ფსტით, უგლუტენო პასკები და ა.შ.

პრემიუმ პროდუქტების მაღაზიათა ქსელში  „გასტრონომი“  Fiasconaro-D&G-ს კოლაბორაციით შექმნილი იტალიური „პანეტონეს“ 1 კგ-იანი შეფუთვის პასკები 169.9 ლარიდან 219 ლარამდე ღირს; Vogues-ის 1 კგ-ნი „პანეტონე კლასიკი“ - 199.9 ლარი, Loison-ის - 39.9, CIPRIANI-ს -139.9.