„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავრობის 1 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი გეგმის გადაჭარბებით შესრულებასაც არ გამორიცხავს.
ეკონომისტ პაატა ბაირახტარს ვთხოვეთ შეეფასებინა, რამდენად რეალურია ირაკლი კობახიძის მოლოდინი.
ბაირახტარი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არსებული მაჩვენებლები რეალურ სურათს არ ასახავს; გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნავარაუდები პროგნოზები წლის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. რაც შეეხება მომდევნო კვარტალს, ბაირახტარი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნება საეჭვოა.
„საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ახლდება, აქედან გამომდინარე ველოდები, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ ერთხელ მაინც განახლდება. ეს არსებული პროგნოზი ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ I კვარტალში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დავაფიქსირეთ, რომელიც სავალუტო ფონდის პირვანდელ მონაცემებზე მაღალი იყო; აქედან გამომდინარე სავალუტო ფონდმა პირველად მონაცემებს გადახედა. თუმცა, სხვა საკითხია, შემდეგ კვარტალებში როგორ გაგრძელდება სიტუაცია. ვვარაუდობ, რომ შემდეგ კვარტალებში ეკონომიკური ზრდის ტემპი რიგი პარამეტრებიდან გამომდინარე შემცირდება“,- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.