„ფინანსების ნაკლებობა აქვთ ფერმერებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დონორების პროგრამები შემცირებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, USAID-ის უცხოური დახმარების პროგრამები 1-ლი ივლისიდან ოფიციალურად შეჩერდა და სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.

როგორც კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის კუთხით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გრანტები პრაქტიკულად, აღარ არის ხელმისაწვდომი.

„გრანტები აღარ არის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ჩვენს სექტორზე გავლენა იქონია USAID-ის გაუქმებამ. მაგალითად, ორი მიმდინარე პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხებოდა, გაჩერდა საქართველოში. ბევრ ფერმერს გათვლა ჰქონდა ამ დაფინანსებაზე, განაცხადებიც ჰქონდა შეტანილი. რა თქმა უნდა, პროგრამის შეჩერება ფერმერებისთვის გარკვეულწილად შემაფერხებელი იქნება. ფერმერებს ძალიან გული სწყდებათ, რომ ეს შესაძლებლობები აღარ აქვთ“, - აღნიშნავს რატი კოჭლამაზაშვილი.

მისივე თქმით, USAID-ის შეჩერებული პროგრამებიდან ერთი ითვალისწინებდა ბაზრების დივერსიფიკაციას, ხოლო მეორე საოკუპაციო ხაზის პირას მდებარე სოფლებში აგრო მიმართულების მხარდაჭერას.

„ერთი პროგრამა იყო ბაზრების დივერსიფიკაცია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. მეორე პროგრამა იყო საოკუპაციო ხაზის პირა სოფლების დახმარებისკენ მიმართული, ეს მოიცავდა სხვადასხვა სფეროებს, მაგრამ ძირითადი სამიზნე იყო სოფლის მეურნეობა და გადამუშავება. გრანტების გაცემა ხდებოდა არაერთ ნაწილში, მაგალითად, ტექნიკური დახმარება, ტრენინგები, ექსპერტების ჩართულობა და ა.შ.

ალტერნატივა ამ ეტაპზე არის მხოლოდ სახელმწიფო პროგრამები, დანარჩენი სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ არსებობს. არ ვიცი რა და როგორ იქნება სამომავლოდ...“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურმა დახმარებამ საქართველოსთვის 77 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ ფინანსური დახმარებიდან 99.9% გამოყოფილი იყო USAID-ის პროგრამების ფარგლებში.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს გაწეული ფინანსური დახმარებიდან უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 76.96 მილიონი აშშ დოლარი განხორციელებული იყო USAID-ის მიერ. დარჩენილი 31.51 ათასი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

USAID-ის დახმარების დიდი ნაწილი წელს მიმართული იყო საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე (31.89 მლნ დოლარი); დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის მხარდაჭერაზე (29.87 მლნ დოლარი); ენერგეტიკა (4.47 მლნ დოლარი); სოფლის მეურნეობაზე (3.207 მლნ დოლარი) და საბაზისო განათლებაზე (1.588 მლნ დოლარი).

წყარო: ბიზნესპრესნიუსი