27-29 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა - „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.

კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.

წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, MFC-ის კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. კონფერენციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა გახსნის.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის და პირადად ჩემი სახელით, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ჩვენი ქვეყანა შეარჩიეთ.რეფორმებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში, შედეგად დამკვიდრდა მოქნილი, მაგრამ პასუხისმგებლიანი საფინანსო მოდელი, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოწვევებს. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი დღეს დივერსიფიცირებული, რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით  400-მდე სტრუქტურული ერთეულით და 2 მილიარდ ლარამდე აქტივებითაა წარმოდგენილი. ის წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვან მიმწოდებელს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრო და მცირე მეწარმეების არა მხოლოდ კრედიტორები, არამედ პარტნიორები, ინკლუზიური ეკონომიკისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობნი არიან. სწორედ მათი მოქნილობა, ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მდგრად მოდელს”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

„როცა მსოფლიო ერთდროულად შოკებს განიცდის - კონფლიქტიდან კლიმატამდე - წლევანდელი კონფერენცია მხოლოდ შეხვედრა არ არის. ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა. მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ სწორი ინსტრუმენტები, ცოდნა და პარტნიორობა, რათა მოახდინონ რეაგირება ახალ რეალობებზე და გააგრძელონ თემების მომსახურება მდგრადი მიდგომით და ნათელი მიზნებით“, - აღნიშნა მიკროსაფინანსო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კატარჟინა პავლაკმა. 

„საქართველოს არჩევა მასპინძელ ქვეყნად ასახავს კონფერენციის თემის აქტუალობას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მოხდეს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ შეიძლება გაურკვევლობების საპირწონედ მიკროსაფინანსო სექტორი მოგვევლინოს სტაბილურობისა და ზრდის ხელშემწყობად. საქართველომ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის რეალური ზეგავლენა, ხოლო მიკროსაფინანსო სფერო ჩამოყალიბდა როგორც მდგრადობის მაგალითი“, - განაცხადა მიკროსაფინანსო ცენტრისა და მიკრობანკი კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ.

საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები არიან: მიკრობანკი კრისტალი, Fimple, Finance Ltd, MFX Solutions, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა, სეფინი (Q-Lana), Agents for Impact, EFSE, Global Gender-Smart Fund, Mastercard, Aspekt, responsAbility Investments AG, Kyia.ai, zypl.ai, კრედო ბანკი და MicroEurope.

MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.

ინფორმაციას ეროვნრული ბანკი ავრცელებს