გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„მოქალაქეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლაბაიძეებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ჰქონდა დამონტაჟებული.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 5 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 33 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.