ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდას და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური ქუთაისში დღეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
„ჩვენ დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები. აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. ასევე სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები გადაეცა.
„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ასეთი პროექტები. ერთდროულად ხორციელდება ხუთ სხვადასხვა ქალაქში და ჯამში ათასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ინვესტიციების ჩადება.
ჩვენ ასევე მოვინახულეთ ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი და იქაც დავათალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც ასევე ვადებში ხორციელდება. გვინდა, რომ ყოფილი პარლამენტის შენობის გარშემო განვითარდეს არსებული სივრცე სხვადასხა კუთხით, მათ შორის ჩვენ დაანონსებული გვქონდა ჯერ კიდევ შარშან, რომ აშენდება ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში და უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით. მომავალ წელს დაიწყება უშუალოდ სამუშაოები და განსაზღვრულ ვადებში ქუთაისი მიიღებს ახალ სპორტის სასახლეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაშენდება ძალიან დიდი სკვერი, რომელიც უმასპინძლებს ქუთაისელებს, ქუთაისის სტუმრებს და იქნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე.
„ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის განვითარებისთვის. ქუთაისზე ზრუნვა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ქუთაისის ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნასთან დაკავშირებით. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა გვინდა ავაშენოთ ქუთაისში და ამასთან დაკავშირებითაც, მეტ დეტალს საზოგადოება გაიგებს ძალიან მალე. ჩვენ გვინდა, რომ ათი ათასობით სტუდენტი მიიღოს საბოლოო ჯამში ქუთაისმა და ეს ხელს შეუწყობს ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენას, ქუთაისის განვითარებას. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს