გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებთან რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამმართველოს საქმიანობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლში, განსაკუთრებით კი საწარმოო ზონაში, უდიდესი ყურადღება ექცევა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. საწარმოების რეგულარული ინსპექტირების გარდა, ქალაქ რუსთავში დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლსაც ახორციელებენ. ქვემო ქართლში ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია ბრაკონიერობისა და უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა.
„რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაგეგმილი აქტივობების აღსრულების პროცესში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის უწყება, რომლის წარმატებულ ფუნქციონირებაზეც არის დამოკიდებული გარემოს დაბინძურების შემცირება, ბრაკონიერობის აღკვეთა და ტყის რესურსის დაცვა. უწყების გაძლიერებაზე მუშაობა, პრაქტიკულად, უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესის ნაწილია რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რუსთავში უკვე შერჩეულია ტერიტორია, მზადდება საპროექტო დოკუმენტაცია ახალი რეგიონული ოფისის ასაშენებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს