საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო. კერძოდ, საუბარია, შორ მანძილზე მგზავრთა „მარშრუტკებით“ გადაყვანის აკრძალვაზე.

შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადება, დაკავშირებულია გადამყვანებისთვის ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო დროის მიცემასთან.

როგორც რადიოგადაცემაში "საქმე" ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ისაუბრა ამ გადაწყვეტილების მიზეზი კერძო სექტორია, რომლებსაც მიეცათ ვადა, რომ მოაწესრიგონ ავტოტრანსპორტი.

„ჩემი ინფორმაციით, მიზეზი კერძო სექტორია, რომლებსაც მიეცათ ვადა, რომ მოაწესრიგონ ავტოტრანსპორტი და ასევე მოხდეს გადაწყობა, რომ 150 კმ-ზე შორ მანძილზე მოხდეს მგზავრების გადაყვანა ავტობუსით, ესეც გარკვეულ დროს საჭიროებს.

ეს მოთხოვნები დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბოლო დღემდე მიიყვანეს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამის მერე გადავადება აღარ მოხდება“ - განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, ამ სფეროში თვითრეგულირებამ ნეგატიურად იმუშავა.

„თვითრეგულირებამ, რომელიც ამ სფეროში იყო, კატასტროფული რეგრესი განიცადა: ე.წ. „ტაბურეტკები“, გადაკეტილი ავარიული გასასვლელები ავარიების დროს „მარშრუტკებში“ უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს, რადგან ავარიული გამოსასვლელიდან ვერ ხდება მათი გამოყვანა. ასევე, ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები, რომლებიც რეგისტრირებულებიც არ არიან, ბევრს შესაბამისი მართვის მოწმობაც არ აქვს. არის უკანონო ავტოსადგურები, რომლებიც მთლიანად გასულია უსაფრთხოების ზონიდან და მგზავრთა გადაყვანა ხდება ტრანსპორტით, რომლებიც ტექინსპექტირებასაც ვერ გადის, ამიტომ ეს რეფორმა აუცილებლად გასატარებელია,“ - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ რეგულაციის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.

წყარო: bpn.ge