,,საერთოდ, ყველა მონაკვეთზე, სადაც 80 კმ/სთ სიჩქარეა დაშვებული, რასაც კიდევ 15 კმ/სთ ემატება, უნდა მოეწყოს გამყოფი ბარიერები, სხვა შემთხვევაში, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ, განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმანეთს ორი შემხვედრი ავტომობილი შეეჯახა. თუმცა ეს არ იყო პირველი ავარია მსხვერპლით, რომელიც სწორედ მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა - 17 ივნისის ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 19 ივნისს - 3 ადამიანი და ა.შ.

გელა კვაშილავას თქმით, შემთხვევათა შესამცირებლად საჭიროა, როგორც ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწყობა, ისე სიჩქარის კიდევ უფრო ზუსტი და მკაცრი მენეჯმენტი.

„ზოგადად, ავარიებს 3 ფაქტორი განაპირობებს - გზა, ინფრასტრუქტურა და ადამიანი. რამდენადაც ეფექტიანადაც გაქვს სამივე ამ კომპონენტის კონტროლი და მოწყობა, მით უკეთესია შედეგიც და ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. მეორე მხრივ, როცა პრობლემა სამივე მიმართულებითაა, ცხადია, რომ სერიოზული რისკის ქვეშაა ყველა, ვინც ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე გადაადგილდება.

მით უმეტეს, როცა გზა მძღოლს საშუალებას აძლევს, რომ სიჩქარეს მოუმატოს და გასწრებაც გააკეთოს, მათი უმეტესობა ამას აკეთებს და გახშირებულ შემთხვევებსაც ამიტომ ვიღებთ. სიჩქარის კიდევ უფრო ზუსტად და მკაცრად გაკონტროლება და ჯარიმების ზედმიწევნითი აღსრულებაა აუცილებელი.

უშუალოდ ქობულეთის შემოვლით გზაზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელია, იქ ორ შემხვედრ ზოლს შორის გამყოფი ბარიერები გაკეთდეს, რათა მძღოლს გასწრების საშუალება არ ჰქონდეს.

საერთოდ, ყველა მონაკვეთზე, სადაც 80 კმ/სთ სიჩქარეა დაშვებული, რასაც კიდევ 15 კმ/სთ ემატება, უნდა მოეწყოს გამყოფი ბარიერები, სხვა შემთხვევაში, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა და ასეც უნდა იყოს, თორემ, შემთხვევა შემთხვევაა და ყოველთვის რაღაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ რაც შეგვიძლია, ინფრასტრუქტურულად, მძღოლის კონტროლისა და ჯარიმების აღსრულების კუთხით, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ რისკი.

დიდი ხანია ვამბობ, რომ „შავი წერტილების“ რუკა უნდა შემუშავდეს, აღირიცხოს, კონკრეტული გეგმა გაიწეროს, რაც პრობლემის კომპლექსურად მოგვარებას შეუწყობს ხელს. ამაზე მუშაობაც დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე რა სიტუაციაა ნამდვილად არ ვიცი. არსებობს თანამედროვე სტანდარტი, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ არსებითად მაინც არაფერი შეცვლილა და შედეგებიც სახეზე გვაქვს.

ასე რომ, სათანადო აღსრულება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სიჩქარის მენეჯმენტი პრობლემის გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია“, - განაცხადა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - 216 ადამიანი დაიღუპა, 2 816 დაშავდა (მათგან 79 ქვეითია და 14 ბავშვი).

Bpn.ge