გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში ევროპული სტანდარტების ხელსაწყოს - დემერსალური ტრალის გამოყენებით, წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე კვლევებს ახორციელებენ - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც რეგიონში მდგრადი მეთევზეობის პრინციპების დანერგვას უზრუნველყოფს.

კვლევები პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ ფარგლებში ხორციელდება და ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე მაღალი სიზუსტის სინჯების აღებას ითვალისწინებს.

აღნიშნული აღჭურვილობა, დემერსალური ტრალი, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა. დემერსალუტი კვლევები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.