ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი გვირაბის მიმდებარედ განხორციელდა უკუშევსების სამუშაოები და უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვაკის რაიონში დავასრულეთ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა გახსნილია, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. როდესაც ახალ გვირაბს ვხსნიდით, აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენილია, ეს არის გვირაბის მიმდებარედ უკუშევსების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გვირაბის თავზე მოეწყო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც, ტერიტორია აღდგა პირვანდელი სახით და არსებული სივრცე სრულად განახლდა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე დავიწყებთ გამწვანების სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა პროექტის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს დედაქალაქში თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევე, სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებისთვის საცხოვრებელი გარემოს ხარისხის ამაღლებასაც ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს