მთავრობის დადგენილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება.
დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი 1 ივლისიდან გაუქმდება და მის უფლებამონაცვლედ სამინისტრო განისაზღვრება.
"1. ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს". - წერია დადგენილების მეორე მუხლში.
დადგენილება სამინისტროს ავალებს, რომ "ინსტიტუტის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით" გამოქვეყნებისთანავე სალიკვიდაციო კომისია შექმნას, რომელიც საჭირო ზომებს 1 ივლისამდე მიიღებს.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასევე უქმდება NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სამინისტროს ნაწილი გახდება.