დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების დაინტერესება, მოგზაურობის კუთხით მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ხახიშვილი აღნიშნავს, ბუნების ძეგლების - ჩანჩქერების, კანიონების მიმართულებით, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი ტოლს არავის უდებს, ძალიან პოპულარულია.
მისივე თქმით, წლევანდელი წლის 5 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის პერიოდთან შედარებით, 20%-ითაა გაზრდილი.
"მინდა გითხრათ, რომ 3 მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ესენია: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, მონიტორინგი, ეკო ტურიზმის განვითარება და დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლება. წლევანდელი წლის 5 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ითაა გაზრდილი და 250 000-ს მიაღწია, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. წინ კიდევ აქტიური ივლისი, აგვისტოს, სექტემბრის პერიოდია - წელს მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ გასული წლის მონაცემებს. აღნიშნული ვიზიტორების 60% უცხოელია, რაც პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს - უცხოელი, ვიზიტორთა დაინტერესება დაცული ტერიტორიების მიმართ მზარდია. ამასთან, უცხოელი ტურისტების მხრიდან ლაშქრობის მიმართ დაინტერესებაც დიდია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ახალი სერვისები დავამატოთ...
2 ძირითადი მიმართულებას გამოვყოფდი: დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობას, აღნიშნული კუთხით პოპულარულია მტირალას, ლაგოდეხის, ბორჯომ-ხარაგაულის, თბილისის ეროვნული პარკი. მეორე მიმართულებაა ბუნების ძეგლების: ჩანჩქერების, კანიონების მიმართულება. მიუხედავად მსხვილი 2 მიმართულებისა, ძალიან საინტერესოა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობა, სადაც აპრილიდან აქტიური სეზონია დაწყებული", - აღნიშნავს თამარ ხახიშვილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ფასების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 100 დაცული ტერიტორიიდან ფასები სულ - 7, ან 8 ადგილზეა დაწესებული.
"დაცულ ტერიტორიის, დანარჩენი დიდი ნაწილი უფასოა. ვცდილობთ, მოგზაურობა ხელმისაწვდომი გავხადოთ", - აღნიშნავს თამარ ხახიშვილი.