„არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანში შესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა.

„არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტშია, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც.

იქ ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანში შესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.