აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მოითხოვა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.

განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის კომენტარში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ სახდეპისგან  წერილობით პასუხად მიიღო.