არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ყოფილი დიპლომატის თქმით, შარლ მიშელის განცხადებაში გამოყენებული ფორმულირება – „რომ ჩვენ დავშორდებით ევროკავშირს“ – შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს: კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებას და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გაუქმებას.

„ძალიან მენიშნა შარლ მიშელის განცხადებაში არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, არამედ ის, რომ დავშორდებით ევროკავშირს. დაშორება ევროკავშირთან რას ნიშნავს, რომ გადავთარგმნოთ ნორმალურ ენაზე – ეს იმას ნიშნავს, რის თაობაზეც ადრეც იყო მინიშნებები, რომ ჩვენ შეიძლება შეგვიჩერდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი ყველა მიმართულებით – მათ შორის, ინვესტორებისთვისაც – უთხრა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ანალიტიკა“–ს – შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს საქმე და ჩვენ შეგვიჩერონ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. წარმოგიდგენიათ, როგორ ვართ შეჩვეულები ჩვენ ამას – მით უმეტეს, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მოლოდინში? ეს რომ მოხდეს და მე ამას სრულებითაც არ გამოვრიცხავ, მაშინ უბრალოდ ისეთი ტალღა აიწევა წინააღმდეგობის – რთული იქნება რამის პროგნოზირება“.

კვირის დასაწყისში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ხელმეორედ "რუსული კანონის" დაბრუნებას გამოეხმაურა. მისი თქმით ეს კანონი საქართველოს ევროპასთან დააშორებს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის არჩევანის გამო მიიღო.

"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონის პროექტი "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებას და მის გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს ევროკავშირს და არა დაახლოებას," - დაწერა მიშელმა.

bm.ge