ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის გამარტივებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.

ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.

ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის - სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.

ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია -  ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…“- წერს გია ხუხაშვილი.